Get Adobe Flash player

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი ადრე მომწიფდა როგორც პოეტი. 15 წლისა იგი იყო ავტორი ლექსისა „შემოღამება მთაწმიდაზედ“. 1839 წელს, 21 წლისა, აქვეყნებს პოემას „ბედი ქართლისა“. 24 წლის ბარათაშვილი არის ავტორი „მერანი“-სა და უბრწყინვალესი ლირიკული ლექსებისა.
ბარათაშვილის ტალანტმა თავიდანვე მიიპყრო ლიტერატურული წრეებისა და საზოგადოების ყურადღება. „უ ზ ა დ ო   პ ო ე ტ ი“ – შეფასება, რომელიც ისტორიამ გაიზიარა, თვით პოეტის სიცოცხლეში იყო წარმოთქმული. იმ დროის ლიტერატურული სალონები – ალექსანდრე ჭავჭავაძისა, მანანა ორბელიანისა, – ადრევე უქმნიან ნიკოლოზ ბარათაშვილს სახელს. ბარათაშვილის ზოგი ლირიკული ლექსი პოეტის სიცოცხლეში გადატანილი იყო მუსიკაზე და სამღერალოდ ქცეული. ბარათაშვილის გავლენა განიცადა თვით მე-18 საუკუნის პოეზიის ტრადიციების გამგრძელებელმა, უხუცესმა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომლის „გოგჩის ტბა“, 1841 წელს დაწერილი, ატარებს გავლენას ბარათაშვილის პოეზიისას, კერძოდ, ლექსისა „ფიქრნი მტკვრის პირზედ“ (1837 წ.). ბარათაშვილის დიდ ტალანტს აღიარებდა ქართული პოეზიის მეორე მეტრი – გრიგოლ ორბელიანი. მესამე უფროსი თანამედროვე ბარათაშვილისა, დრამატურგი და პოეტი გიორგი ერისთავი აგრეთვე მოხიბლული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ნიჭით. უფრო გვიან გიორგი ერისთავი ასე დასტიროდა უდროოდ გარდაცვლილ ნიკოლოზ ბარათაშვილს, „ყოვლის სიკეთით აღსავსე მამულიშვილს“:

რა მიგვეფარე, ცას შევსცქერი, რა დღე ბნელდების,
უყურებ, ტატო, რა ვარსკვლავად გამობრწყინდების!
თითქოს გხედავ შენ მოარულსა რძისა გზაზედან…[1]

ხოლო 1832 წლის შეთქმულობის ძველი ვეტერანი ალექსანდრე ორბელიანი წერდა:
„სად არის საქართველოს იადონი? იმისი კვერცხი ჯერ არ არის გადაჭრილი, დრო კი არის გამოიჩეკოს. ფრინველთ ჟრიამული ყველგან ისმის. ვნახოთ ამის შესხმა ვის ეკუთვნის, ამის ჰაზრსა ვინ აიღებს?
„ცოდო არ არის ეხლა შორს გზაზედ იყო, შენ, კაცის გულის გამომთქმელი სინაღვლისა, შენ, ჩვენი საქართველოს უზადო პოეტო, ყმაწვილო კაცო, ნიკოლოზ ბარათაშვილო!.. რომელმა მსაჯულობამ წაიღო ეგ შენი სხივმოსხმული ნათელი სული პოეტობისა?..
„ეხლა იყო დრო, ეხლა სრულს ჰაზრსა აიღებდა პოეტობისას ის! ეხლა მის პატარას ლამაზს თავზედ მამულის პოეტობის ბრწყინვალეს გვირგვინს დაადგამდნენ კარგნი ქართველნი წყნარი ქალები, მოწიწებით მოკრძალულნი, იგი შვილნი მამაცთა, შენ, ქართველების მომავალო დიდო პოეტო!.. შენა წევხარ უნაკლულოს პოეტების საგალობელს კუბოს ჩანგში, გენიის ღმერთა, შენ ძილსა მშვიდობასა უალერსებს, შენსა მილულებულს თვალებს ჰკოცნის უმანკოს და წრფელის გულით.
„ახ, უდროვო იყო ესე ძილი… ობლობისა ცრემლსა იხოცს შენს საფლავზედ საქართველო!“[2]

*

ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცი იქცა ცენტრად თავისი დროის ლიტერატურული და საზოგადოებრივი ცხოვრებისა; მის გარშემო თავს იყრიან როგორც ახალი, ისე ძველი თაობის მწერლები და ლიტერატურის მოყვარულნი.
იონა მეუნარგიას, პოეტის თანამედროვეთა ჩვენების მიხედვით, მოხსენებული ჰყავს ბარათაშვილის გარშემო შემოკრებილი ლიტერატურული წრე, – „მწერლობის მოყვარე პირნი, რომელნიც ხვდებოდნენ სხვადასხვა დროს. ესენი იყვნენ: ზ. ავთანდილაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი, გიორგი ერისთავი, ლევან მელიქიშვილი, პლატონ იოსელიანი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, კონსტანტინე მამაცაშვილი…, ზოგიერთი ქართული მწერლობის მოყვარე პოლონელი, როგორიც იყო ზაბლოცკი (თადეუშ ლადი-ზაბლოცკი, ცნობილი პოლონელი პოეტი, საქართველოში გადმოსახლებული), სვიმონ მაჩაბელი, ლუკა ისარლიშვილი და სხვანი. ესენი არ შეადგენდნენ ერთს მჭიდრო წრეს, არ წამოადგენდნენ ერთ სამწერლო იდეას, მაგრამ ამათში ქართული მწერლობის სიყვარული დიდი იყო…“
„ბარათაშვილი მოთავე იყო ამ საზოგადოებისა, – გადმოგვცემს იონა მეუნარგია. – ყოველთვის, როდესაც ან შემთხვევა მოიტანდა, და ზემოთნახსენებნი პირნი ერთად სადმე შეიყრებოდნენ, ან საგანგებოდ შეიკრიბებოდნენ, საზოგადო მსჯელობა ამ ქართველ ყმაწვილ-კაცებისა იყო ქართულს მწერლობაზე და ისტორიაზე. ასე ამბობს ორივე ბარათაშვილის ცხოვრების აღმწერი, ასევე გამიგონია პოეტის ნაცნობ-ნათესავთაგან, და არა მგონია, რომ ეს სიტყვები დანაყბედი იყოს“[3].
ლიტერატურული წრე, რომელსაც სათავეში ედგა ნიკოლოზ ბარათაშვილი, უფრო ხშირად თავს იყრიდა დიმიტრი ყიფიანისა და მანანა ორბელიანის ოჯახებში.
დიმიტრი ყიფიანი წერს ზემოთ ციტირებულ ერთ კერძო წერილში:
„… მეგორები იცნობდნენ ბარათაშვილს როგორც საუცხოო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ერთობოდა და იპყრობდა ხანდახან ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებით.
მისი მოასაკენი ყველაზე ხშირად ჩემთან იკრიბებოდნენ, აქ იყო ხოლმე იგი განსაკუთრებით თავის კალაპოტში.
ტატოს პოეტური ნიჭი ამ წრეში განვითარდა; აქ იგი კითხულობდა პირველად თავის ლექსებს; აქ იგი ისმენდა შენიშვნებს, რასაც თითოეული გამოთქვამდა გულწრფელად… ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს შენიშვნები ეხებოდა მხოლოდ იმას, რაც ხელს შეუწყობდა აზრის გარკვევას, ან უფრო რელიეფურად გამოთქმას“.
ამავე სალიტერატურო წრის შესახებ სწერდა ნიკო ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანს 1841 წელს (18/30 ოქტომბერს):
„ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე-და-დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა… ეს საზოგადო სული ბუნებით ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არ სძინავთ გონებით!“
ბარათაშვილის სალიტერატურო წრე 1841 წელს შეუდგა მზადებას გამოსაცემად ალმანახისა „ც დ ა“, მაგრამ იმ ხანად ეს გამოცემა ვერ განხორციელდა.
უფრო გვიან, ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოსული ჟურნალი „ცისკარი“ არის ამ სალიტერატურო წრეში ადრიდან დაწყებული მოსამზადებელი მუშაობის ნაყოფი[4].
ამავე სალიტერატურო წრეში მზადდებოდა აგრეთვე ნიადაგი მუდმივი ქართული თეატრის დასაარსებლად[5]. რეპერტუარის შევსების მიზნით წრის წევრები შედგომიან ევროპელ ავტორთა პიესების თარგმნას. ნიკო ბარათაშვილი სწერს გრიგოლ ორბელიანს იმავე 1841 წლის 28 მაისს (9 ივნისს):
„ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა; ყიფიანმა (იგულისხმება დიმიტრი ყიფიანი) გადმოთარგმნა „რომეო და ჯულიეტა“, შექსპირის ტრაღედია, და მე ვთარგმნე „იულიუს ტარენტელი“, ტრაღედია ლეიზევიცისა: თუ წაგიკითხავს „ბიბლიოთეკაში“ იყო დაბეჭდილი. მე ძალიან მომეწონა და ჩვენმა განათლებულმა ქალებმა, ასე გასინჯე, იტირეს“.
საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ არ არის არც ერთი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი საქმე, წამოწყებული ამ დროს საქართველოში, რომელსაც ნ. ბარათაშვილი არ ხელმძღვანელობდეს, ან რომელშიაც იგი ახლო მონაწილეობას არ იღებდეს. ნ. ბარათაშვილი, როგორც ირკვევა, არის ნამდვილი ლიდერი იმდროინდელი გონებრივი მოძრაობისა საქართველოში.
ცალკეა აღსანიშნავი, რომ წმინდა ლიტერატურული საკითხების გვერდით ნ. ბარათაშვილის მხედველობის არეშია მოქცეული აგრეთვე საკითხები საქართველოს წარსულის მეცნიერული შესწავლისა, რასაც პოეტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი ხალხის ეროვნული გათვითცნობიერების საქმისათვის.
ნ. ბარათაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდა საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლის საქმის წარმატებისათვის, ხელს უწყობდა ამ დარგში წარმოებულ ყოველგვარ მუშაობას.
მაგრამ გარდა იმისა, რომ ნ. ბარათაშვილი ზრუნავდა ამ საქმისათვის, როგორც საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი, თვით ნ. ბარათაშვილი არ ყოფილა ამ დარგში მხოლოდ უბრალო ხელშემწყობი, არამედ საქართველოს ისტორიის საკითები, ჩანს, ადრიდანვე გამხდარა მისთვის გაღრმავებული შესწავლისა და დაკვირვების საგანი. ნ. ბარათაშვილი, როგორც ირკვევა, არ იყო ამ დარგში მხოლოდ მოყვარული – დილეტანტი, არამედ მართლაც საფუძვლიანი ცოდნით ყოფილა აღჭურვილი. ამას ბევრი რამ ადასტურებს.
აღსანიშნავია ამასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი მეცნიერი მიხეილ ბარათაევი, ავტორი მონუმენტალური ნაშრომისა „Нумизматические факты Грузинского царства“, ერთ წერილში, 1846 წლის 20 სექტემბრის თარიღით (როდესაც მიხეილ ბარათევმა ჯერ კიდევ არ იცოდა პოეტის გარდაცვალება), სწერდა ნ. ბარათაშვილის მამას მელიტონს: „მეტისმეტად გამახარებდა ჩვენი საერთო საყვარელი ნიკოლოზ მელიტონის ძე (– საუბარია ჩვენს პოეტზე), თუ იგი შეავსებდა თავისი უხვი ცოდნითა და ნიჭით თავისი მოხუცი პაპის (ე. ი. თვით მიხეილ ბარათაევის) პირველ ნაშრომს“ (– იგულისხმება ზემოთ დასახელებული შრომა)[6].
მიხეილ ბარათაევი (1784 – 1856), შთამომავალი ვახტანგ VI -ის დროს (მე-18 საუკუნეში) რუსეთში გადასახლებული ემიგრანტისა, რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, ყოფილი დეკაბრისტი, ფართო ევროპული განათლების მქონე ადამიანი, 1839 – 1844 წლებში საქართველოში იყო ჩამოსული. ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მიხეილ ბარათაევს შორის ამ დროს ახლო მეგობრობა დამყარებულა (პოეტი უძღვნის მიხეილ ბარათაევს ლექსს: „საფლავი მეფის ირაკლისა“). მიხეილ ბარათაევი თავის სამეცნიერო მუშაობაში, რომელსაც იგი საქართველოში აწარმოებდა, ჩანს, ბევრით არის დავალებული ნიკოლოზ ბარათაშვილისაგან.
ირკვევა ამას გარდა, რომ ნ. ბარათაშვილი თანამშრომლობას ეწეოდა პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიასთან, სადაც ამ დროს ცნობილი ქართველი მოღვაწისა და მეცნიერის თეიმურაზ ბატონიშვილის ინიციატივით მოწვეული იყო აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელიც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლის საქმეს და რომელმაც ასე ბევრი გააკეთა საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის დარგში.
ნ. ბარათაშვილის ურთიერთობა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წრეებთან ძველი ქართული მწერლობის ისტორიის საკითხთა გამო ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს.
1842 წელს თბილისში ჩამოვიდა მარი ბროსეს კოლეგა მეცნიერებათა აკადემიის მუშაკი ადიუნკტი იული ფრიჩე, რომელსაც ბროსესაგან დავალებული ჰქონდა ქართული წიგნებისა და ძველ-ქართული ხელნაწერების შეძენა.
მოხსენებაში, რომელიც წარდგენილი იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ-ლიტერატურულ განყოფილებაში 1843 წლის 13 იანვარს, ფრიჩე წერს:

ბატონ კოლეგა ბროსეს დავალებით თბილისში ყოფნისას შევეცადე ქართული წიგნები შემეძინა…
ხელნაწერები, რომელთაგან, როგორც ცნობილია, შესდგება ქართული ენის მწიგნობრული სიმდიდრე, როგორც მითხრეს, მხოლოდ იშვიათად და გამონაკლისის სახით იყიდება და მათი შეძენა შეიძლება მარტო პირების გადაღების გზით.
ერთმა ქართველმა პოეტმა, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მე თბილისში მქონდა, თავადმა ბარათაშვილმა, თანხმობა განაცხადა, თუ ეს აკადემიისათვის სასურველი იქნება, პირველად დაემზადებინა ნუსხა მისთვის ცნობილი ხელნაწერებისა, და შემდეგ, იმის მიხედვით, რასაც აკადემია ამოირჩევდა, დაემზადებინა მათი პირები. ვეშურები ვაცნობო ეს აკადემიას[7].

აღსანიშნავია, რომ ამგვარ სპეციალურ საკითხზე ურთიერთობას ამყარებენ არა იმ პირებთან, რომლებიც ქართული ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლის დარგში სპეციალურად მუშაობდნენ, არამედ პოეტ ნ. ბარათაშვილთან, რომელიც, ჩანს, ყველაზე დიდ ავტორიტეტად ითვლებოდა ამ დარგში.
ეს რაც შეეხება ნ. ბარათაშვილის ურთიერთობას პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წრეებთან.
აღსანიშნავია ამას გარდა, რომ უფრო ადრე, როგორც ჩანს 1838 წელს, ნ. ბარათაშვილის ინიციატივით თბილისში დაწყებულა მუშაობა საქართველოს ისტორიის საკითხავი წიგნის შედგენაზე, რომლის დამუშავებაში ჩაბმულან წევრები იმ სალიტერატურო წრისა, რომელიც ნ. ბარათაშვილის გარშემო იკრიბებოდა.
მოგვყავს აქ მეტად საყურადღებო მოგონებანი ბარათაშვილის ამ სალიტერატურო წრის წევრისა, პოეტის მეგობრის კონსტ. მამაცაშვილისა[8].
„ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები… გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ. ერთს საღამოს ბარათაშვილის სახლში გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც არა გვაქვს ქართული რიგიანი ისტორია, გავიყოთ მე-4 საუკუნიდან დაწყებული[9], თითომ თითო საუკუნე აიღოს და შეადგინოს ისტორია ამ საუკუნისა. პლ. იოსელიანს მიანდვეს დაწერა ძველის საუკუნეების ისტორიისა ქრისტეს წინათ და შემდეგ მე-5 საუკუნემდისინ[10]. მაშინ ძნელი იყო ამისთანა საქმის აღსრულება, რადგანაც მშრომელნიც ცოტანი ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანეები გაფანტული იყო, არ იყო ჯერ შეკრებილი არც ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ბევრი საინტერესო გრამატები თავადების და აზნაურების სახლებში, მარტო მატიანედ იყო „ქართლის ცხოვრება“.
„მახსოვს, – განაგრძობს თავის მოგონებას კონსტ. მამაცაშვილი, – 1838 წელს მე და ტატო წავედით სასეირნოდ გარეთ-უბანს. ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა. მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზედ 18-ის საუკუნისა მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო, უღონობაზედ, ჩვენის ტფილისის წახდენაზედ 1795 წელს 12 სექტემბერს და სხვ.
„ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარსა და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა:
„ – ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! – და ოხვრით დაუმატა: – ვაი ჩვენო ქართლის ბედო!
„დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი“.

გვერდები: << | 1 |  2 

შენიშვნები:

[1] „რძის გზა“ – ვარსკვლავთა კრება (– „ირმის ნახტომი“-ს სახელით ცნობილი).
[2] ალ. ორბელიანის ნაწერები, 1879 წ., გვ. 252 – 253.
[3] იხ. იონა მეუნარგია, გვ. XL – XLII.
[4] იხ. იონა მეუნარგიას ჩანაწრები, გამოქვეყნებული ს. ცაიშვილის მიერ (ლიტერატურული მატიანე, 1 – 2, 1940, გვ. 387).
[5] იხ. იქვე (გვ. 387).
[6] იხ. წერილი მიხეილ ბარათაევისა, დაბეჭდილი ნ. ბარათაშვილის თხზულებათა 1922 წლის გამოცემაში, გვ. 144 – 145.
[7] იხ. პუბლიკაცია მიხ. ჩიქოვანისა, გაზ. „კომუნისტი“, 1945 წ., № 112.
[8] გაზ. „დროება“, 1881 წ., № 206.
[9] დაბეჭდილია „მე-5 საუკუნიდან“. მაგრამ აქ, ჩანს, არის ან კორექტურული შეცდომა, ან კალმის ლაფსუსი. მზღვარი არის მე-4 საუკუნე (ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში მირიან მეფის დროს). რომ ბარათაშვილის ჯგუფს საქართველოს ისტორიის დამუშავება დაუწყია მე-4 საუკუნიდან, მირიან მეფის ხანიდან, ამას კერძოდ ადასტურებს ნ. ბარათაშვილის ფსევდონიმი „მირიან ივერი“ (ამ საკითხს ვეხებით ცალკე შენიშვნაში). პლატონ იოსელიანისათვის კი მიუნდვიათ საქართველოს ძველი ისტორიის დაწერა უძველესი დროიდან ქრისტიანობის დამყარებამდე.
[10] იხ. წინა შენიშვნა.