Get Adobe Flash player

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,–
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას, –
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ცას!

[1841 წ.]

შენიშვნები, კომენტარები:

(იხილეთ აქ)